geo  |  eng
საქართველოს "მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქად" ალან ლომაქსი და ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად აღიარებამ განსაკუთრებულად აქტიური გახადა მოზარდთა ეროვნულ მუსიკალურ საფუძველზე აღზრდის აუცილებლობა, რადგან ახალი თაობის ესთეთიკურ-მხატვრული აზროვნების ფორმირება სწორედ ბავშვობიდან ჩანერგილ ჩვევებზეა დაფუძნებული.
          ჭეშმარიტად ამ მამულიშვილური სამქმის სამსახურშია ვაჟთა პოპულარული ფოლკლორული ანსამბლი მძლევარი, რომელიც 1994 წელს შეიქმნა. მეცნიერული ვარაუდით სიტყვა მძლევარი გალობის მნიშვნელობის შემცველ ძველქართულ ტერმინ "ძნობას" უნდა უკავშირდებოდეს. აკად. ივანე ჯავახიშვილის აზრით, "ძნობა და მძნობარი უძველეს ხანაში გუნდობრიობასთან ყოფილა დაკავშირებული. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად , მძლევარი დამძლევს, მჯობს ნიშნავს , ხოლო "ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა"-ში მგალობელი გადამფრენი ფრინველები იგულისხმება.
"მძლევარს" სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის"-ის სოლისტები ტარიელ და კახაბერ ონაშვილები ხელმძღვანელობენ. მამა-შვილი ქართული სიმღერა-გალობის უძველესი ტრადიციების მატარებელი ონაშვილთა საგვარეულოს ღირსეული წარმომადგენლები არიან. ხალური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ქართლ-კახური სამუსიკო დიალექტის ნამდვილი დიდოსტატი, მრავალ რეგალიათა მფლობელი ტარიელ ონაშვილი ენერგიულად იღწვის ვაჟიშვილის - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულის, აწ კარგად აპრობირებული და ნაყოფიერი საგუნდო ლოტბარის კახაბერ ონაშვილის გვერდით, სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან ასევე უფროსი თაობის "მძლევარელებიც" ფოლკლორული სასიმღერო შემოქმედებისადმი ფანატიკური სიყვარულით გაჟღენთილი ახალგაზრდები,მათ შორის ახალგაზრდა ნიჭიერი ლოტბარი არჩილ როინიშვილი. ანსამბლის მესვეურთა მიზანია ფოლკლორისადმი ინტერესი თანდათან სერიოზულ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, რათა ხალხური სიმღერა ქართული ახალგაზრდობის ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად იქცეს. მძლევარში ორმოცდაათზე ზე მეტი ყმაწვილია გაერთიანებული. იგი სისტემურად მართავს კონცერტებს, მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში, რითაც ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას ეწევა. თავისი არსებობის მანძილზე "მძლევარმა" მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ბავშვთა გუნდების შორის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ამ მიღწევათა შორის აღსანიშნავია რესპუბლიკური ფესტივალ "ოქროს მართვე"-ს პირველი ხარისხის დიპლომი, საყმაწვილო პირველ მსოფლიო დელფიადაში მონაწილეობა, თბილისის ფოლკლორის ფესტივალის, საქართველოს ფოლკლორული სიმღერებისა და ფესტივალ მომავლის ხმები-ს პირველი ადგილები, ვალერი გერგიევის მოსკოვის სააღდგომო ფესტივალის ლაურეატობა, პრიზი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის პომორიეს ბულგარეთი მართლმადიდებლური ხმების ფესტივალზე, წარმატებული გამოსვლები მაკედონიაში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, შვეიცარიაში, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ანსამბლ "რუსთავსა" და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. აგრეთვე ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა და არაერთი კონცერტი გამართა ლატვიაში,პოლონეთსა და მოლდოვაში, სადაც მიიღო საერთაშორისო აღიარება.
"მძლევარის" საშემსრულებლო რეპერტუარი სხვადასხვა კუთხის ასს-ზე მეტ სიმღერას მოიცავს. მოზარდები მღერიან სხვადასხვა ჟანრისა და დანიშნულების ნიმუშებს. მათ შორის "იმერულ მხედრულს", აჭარულ, კახურ თუ ლეჩხუმურ "მაყრულებს", შრომის სიმღერებს "ყანურს", "იმერულ ნადურსა" და მეგრულ "ოჩეშხვეის", "ალილოს", კახურ და რაჭულ ვარიანტებს, "სამგზავრო ფერხულს", სვანურ "კვირია"-სა და "მეგრულ ნანას" და ა.შ. აგრეთვე რეპერტუარში შედის სხვადასხვა კომპოზიტორების კლასიკური თუ საესტრადო ნაწარმოებები.
"მძლევარს" ჩაწერილი აქვს მრავალი ხალხური სიმღერა. უკვე გამოიცა ხუთი დისკი და გადაღებული აქვს კლიპი.